English / ქართული / русский /
თენგიზ ვერულავა
აგროდაზღვევის განვითარების პრობლემები საქართველოში

ანოტაცია

აგროდაზღვევის განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებას წარმოადგენს დაზღვევისადმი უნდობლობა. ამ მხრივ მიზანშეწონილია სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების შესახებ დამზღვევთა (ფერმერთა) ინფორმირებულობის ამაღლება. იგი ხელს შეუწყობს სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციის ამაღლებას, რაც დადებითად იმოქმედებს დამზღვევის მიერ მისთვის სასურველი სადაზღვევო კომპანიის თავისუფალი არჩევის უფლებაზე. საჭიროა, სადაზღვევო კომპანიებსა და დამზღვევებს შორის არსებული სადავო საკითხების, საჩივრების შემთხვევაში, დამოუკიდებელი ორგანოს, მედიაციის სამსახურის ამოქმედება, რომელიც შეძლებს დაიცვას დამზღვევთა უფლებები. 

საკვანძო სიტყვები: აგროდაზღვევა, დაზღვევა, სოფლის მეურნეობა, ფერმერი 

შესავალი

სოფლის მეურნეობის ძირითადი საფრთხეებისა და რისკების ჩამონათვალი ძალიან დიდია. საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის შემდეგი რისკებია მნიშვნელოვანი: წარმოების რისკები (არახელსაყრელი კლიმატური პირობები: გვალვა, ჭარბი ნალექი, წყალდიდობა, ქარიშხალი, ყინვა, სეტყვა, მწველი მზე, თოვლი; პარაზიტები ან დაავადებები; ხანძარი); ბუნებრივი რესურსების რისკები (ნიადაგის არახელსაყრელი პირობები: სიმშრალე, ზედა ქანების ეროზია და არანოყიერი ნიადაგი, წყლის ხარისხის გაუარესება - წყლის დაბინძურება, სარწყავი წყლის ნაკლებობა); ფინანსური რისკები; მარკეტინგის და ფასის რისკები.

აგრორისკები ძირითადად იყოფა სოფლის მეურნეობის ორი მსხვილი მიმართულების მიხედვით: ა) მემცენარეობა და მასთან დაკავშირებული რისკები; ბ) მეცხოველეობა და მასთან დაკავშირებული რისკები. აღნიშნული რისკების შესამცირებლად გამოიყენება დაზღვევის უაღრესად სპეციალიზებული და კომპლექსური სახე - აგროდაზღვევა.

აგროდაზღვევა მოიცავს მოსავლის, პირუტყვის, აკვაკულტურისა და სათბურების დაზღვევას. აგროდაზღვევის ძირითადი მიზანია დაიცვას ფერმერები და მოახდინოს მათი შემოსავლების სტაბილიზაცია, აქტივობების უწყვეტობა მათი ფინანსური ზარალის ანაზღაურების გზით იმ შემთხვევაში, თუ ფერმერის მიერ დაზღვეული მოვლენა გახდა მოსავლის დანაკლისის ან მოუსავლიანობის მიზეზი. აგროდაზღვევა ვრცელდება კულტურების ოთხ ძირითად ჯგუფზე: ერთწლიანი მინდვრის მოსავალი, მრავალწლიანი მოსავალი (ხეხილის ჩათვლით), სათბურის მოსავალი, ტყეები.

მემცენარეობაში სადაზღვევო კომპანიები ანაზღაურებენ ძირითადი რისკებით (შტორმი, სეტყვა, ნაადრევი ყინვა, მეწყერი) გამოწვეულ ზარალს, ხოლო სახელმწიფო ანაზღაურებს ზარალს, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი კატასტროფების შედეგად (ძლიერი გვალვა, წყალდიდობა, ძლიერი ყინვა) [შატბერაშვილი ე., 2011].   

აგროდაზღვევის პროდუქტებია: ა) წარმოების ხარჯების დაზღვევა, რომელიც აზღვევს ფინანსური რესურსების ოდენობას, რაც გამოყენებულ იქნა მოსავლის მთელი ციკლისათვის (თესვა, მოვლა, მოსავლის აღება); ბ) მოსავლის დაზღვევა, რომელიც აზღვევს სავარაუდოდ მისაღები მოსავლის ოდენობას.

სასოფლო-სამეურნეო წარმოება, განსაკუთრებით კი მემცენარეობა, სეზონურია. მემცენარეობაში პროდუქციას იღებენ წელიწადის განსაზღვრულ პერიოდში და არა უწყვეტად მთელი წლის მანძილზე. ასევე, რძის წარმოებაში პროდუქტიულობა სეზონზეა დამოკიდებული. ამასთან, მრავალწლიანი კულტურები გაშენებიდან რამდენიმე წელი არ იძლევა მოსავალს. სოფლის მეურნეობის ეს თავისებურება გასათვალისწინებელია სასოფლო-სამეურნეო დაზღვევაში.

გამოყოფენ ერთი რისკის და კომბინირებულ აგროდაზღვევას. ერთი რისკის დაზღვევა გულისხმობს ა) ერთი საფრთხის ან რისკის დაზღვევას (მაგ. სეტყვა), ბ) ორი საფრთხის ან რისკის დაზღვევას, რომელთაგანაც ერთ-ერთს არასისტემური ხასიათი აქვს (მაგ. ერთი მხრივ სეტყვა, და, მეორე მხრივ, ხანძარი, ყინვა ან ქარი, როგორც დამატებითი რისკი).

 კომბინირებული, ანუ მრავალრისკიანი დაზღვევა, რამდენიმე რისკის ერთდროულ დაზღვევას გულისხმობს. ამ ტიპის დაზღვევა ფარავს, მაგალითად, ყინვისა და სხვა მეტეოროლოგიური მოვლენებისაგან მიყენებულ ზარალს. ეს სქემა გულისხმობს გარანტირებული მოსავლის (მოსალოდნელი მოსავლის 50-70%) ღირებულების ანაზღაურებას.

ქვეყანაში აგროდაზღვევის განვითარება დადებითად აისახება სოფლის მეურნეობაზე. იგი მნიშვნელოვნად ამცირებს სოფლის მეურნეობაში არსებულ რისკებს. აგროდაზღვევა სოფლის მოსახლეობას ეხმარება სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალის შემცირებაში, რაც სტაბილურს გახდის მათ შემოსავლებს. აგროდაზღვევა ასევე ზრდის სოფლის მეურნეობის სექტორის მიმართ საფინანსო ინსტიტუტების ინტერესს. კერძოდ, ფერმერისათვის ხელმისაწვდომი ხდება ფინანსური რესურსი, რაც ხელს უწყობს დარგის სტაბილურ განვითარებას.

სოფლის მეურნეობაში დაზღვევის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ფერმერმა, რომლისთვისაც მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შემოსავლის ერთადერთი წყაროა,  სხვადასხვა სტიქიური უბედურებით გამოწვეული ზარალის გამო შესაძლოა მთელი წლის სარჩო-საბადებელი დაკარგოს.  მხოლოდ 2014 წელს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის (სეტყვა, გვალვა, ქარიშხალი, წვიმა და ა.შ.)  შედეგად მიყენებული ზარალი ციფრებში შემდეგნაირად გამოისახება: დაზარალებული ადამიანების სავარაუდო რაოდენობა  – 108 360, დაზიანებული ფართობები  –  107 043 ჰა, მიყენებული ზარალი  –  136 236 343 ლარი. აქედან, მარცვლოვნების დაზიანებული ფართობი შეადგენს – 63 695 ჰა-ს, მზესუმზირა  –  9 516 ჰა, ლობიო  –  384 ჰა, კარტოფილი  –  3 194 ჰა, ბაღჩეული კულტურები 1 708 ჰა, ვენახი  –  10 957 ჰა, ხეხილი  – 1 595 ჰა, თხილი  – 15 898 ჰა, კაკლოვნები – 79 ჰა, ფრინველი  –  2 661 ფრთა და 95 ფუტკრის ოჯახი.   

სოფლის მეურნეობის დაზღვევის განვითარებაზე მსჯელობისას უნდა გავითვალისწინოთ ამ დარგისათვის დამახასიათებელი თავისებურებები, რომელიც თვითონ სასოფლო-სამეურნეო წარმოების ბუნებიდან გამომდინარეობს. სოფლის მეურნეობაში წარმოების ეკონომიკური პროცესი წარმოების ბუნებრივ პროცესებთან არის გადაჯაჭვული. სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია წარმოების ბუნებრივ გარემო-პირობებზე (ნიადაგები, ჰიდრორესურსები, კლიმატური პირობები, ეკოსისტემები), ბუნებრივი კატაკლიზმების ინტენსიურობასა და ხარისხზე, მავნებელ დაავადებათა გავრცელებაზე. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დაზღვევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

აგროდაზღვევა ბევრ ქვეყანაში საკმაოდ აქტუალური ხდება. საქართველო ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს. სტატიის მიზანია საქართველოში აგროდაზღვევის განვითარების ძირითადი ტენდენციების შესწავლა და ანალიზი.

მსოფლიო გამოცდილება

ევროპის ქვეყნებში დაზღვევის სამი მოდელი ფუნქციონირებს: სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი (საბერძნეთი); სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობაზე დაფუძნებული (ესპანეთი, პორტუგალია); კერძო სექტორის მიერ კონტროლირებადი (გერმანია, დიდი ბრიტანეთი) [შატბერაშვილი ე., 2011].

განვითარებულ ქვეყნებში, მთელი რიგი ეკონომიკური ფაქტორების გამო, მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო რისკების მრავალპროფილიანი დაზღვევა. საპირისპირო სურათია განვითარებად ქვეყნებში, სადაც ფერმერებს არ აქვთ საშუალება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ინვესტირებისა და მათი ეკონომიკური სტაბილურობა არ არის გარანტირებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგალითად, მათ მიერ აღებული კრედიტის გადახდამდე.

ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო რისკები, რომლებმაც შეიძლება ფერმერულ მეურნეობებს ზიანი მიაყენოს, დიდად არის განპირობებული ისეთი ადგილობრივი ფაქტორებით, როგორიცაა ლანდშაფტი, ნიადაგის ტიპი, სასოფლო-სამეურნეო წარმოების პრაქტიკა. განვითარებად ქვეყნებში ამას ემატება მთელი რიგი სხვა ფაქტორები, მათ შორის ეფექტური სადრენაჟე, წყალდიდობის კონტროლის ან ირიგაციის სისტემების არსებობა. შესაბამისად, ჩვეულებრივ, განვითარებად ქვეყნებში სადაზღვევო კომპანიები ახდენენ სასოფლო-სამეურნეო რისკების შერჩევას, რომელთა დაზღვევასაც განახორციელებენ.

კომპანიები, როგორც წესი, მხოლოდ განსაზღვრულ რისკებს აზღვევენ (ჩვეულებრივ, ეს არის სეტყვა და ხანძარი). ამ მდგომარეობის გასანეიტრალებლად სოფლის მეურნეობის პროდუქციის მთავარმა ექსპორტიორმა ქვეყნებმა ფერმერული მეურნეობების რისკების ეფექტური კომპენსირებისათვის შექმნეს კერძო დაზღვევის ეროვნული სისტემები, რომელთაც ძლიერი სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერა აქვთ. ამ ტიპის სადაზღვევო სისტემებში სადაზღვევო პრემიის ნაწილს სახელმწიფო ანაზღაურებს, რაც ზღუდავს სასოფლო-სამეურნეო რისკების შერჩევითი დაზღვევის პრაქტიკას. ეს საშუალებას იძლევა, მიუხედავად კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებული სადაზღვევო პროდუქტების სახეობისა, მოხდეს თანხების გადანაწილება სოფლის მეურნეობის დაზღვევაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებს შორის.

სოფლის მეურნეობის დაზღვევაში სახელმწიფოს მონაწილეობა გავლენას ახდენს მის განვითარებაზე. სასოფლო-სამეურნეო დაზღვევაში სახელმწიფოს მონაწილეობა შეიძლება სადავოდ მივიჩნიოთ, რადგან იგი მხარს უჭერს იმ რისკებს, რომლებიც სტატისტიკურად წამგებიანია. მაგალითად, ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიყვანონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია არახელსაყრელ გარემო პირობებში. სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს სადაზღვევო კომპანიებისათვის გადაზღვევის ხელმისაწვდომობას, რითაც არახელსაყრელი კლიმატური პირობების დროს იცავს მათ კატასტროფული დანაკარგებისაგან. ეს პირობა სადაზღვევო კომპანიებს, კომპანიის კაპიტალის მისაღები რენტაბელურობის პირობებში, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზღვევის ბაზარზე შესვლის საშუალებას აძლევს. ამ ტიპის სახელმწიფო გადამზღვევი სისტემის შექმნა გავლენას ახდენს სადაზღვევო ბაზრის ფორმირებაზე. მაგალითად, მან შეიძლება ხელი შეუწყოს სადაზღვევო ბაზრიდან მცირე სადაზღვევო კომპანიების გაქრობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სადაზღვევო კომპანიას ქვეყანაში თანაბარი პირობები შეექმნას ბაზარზე დასამკვიდრებლად.

ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო მნიშვნელოვნად არის ჩართული აგროდაზღვევის განვითარებაში, შეიქმნა სპეციალური სტრუქტურები, რომლებიც უმეტესად სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროებს ექვემდებარებოდა. მათ ჰქონდათ უფლება, განესაზღვრათ ან შეეფასებინათ კერძო სექტორის მიერ შემოთავაზებული სადაზღვევო პროდუქტის შესატყვისობა სახელმწიფოს ინტერესებთან და ამის მიხედვით გაეწიათ დახმარება.

ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო აქტიურად მონაწილეობს აგროდაზღვევის სუბსიდირებაში. მაგალითისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები აგროსადაზღვევო პრემიების პორტფელის მოცულობით მსოფლიოში ლიდერი ქვეყანაა. აშშ აგროდაზღვევაში 11 650 მილიონ დოლარს გასცემს; მეორე ადგილზეა – იაპონია  –  3 900 მილიონი დოლარი, შემდეგ ბრაზილია  –  640 მილიონი დოლარი, მექსიკა  –  500 მილიონი დოლარი, არგენტინა - 280 მილიონი დოლარი და თურქეთი  –  245 მილიონი დოლარი.

პოლონეთში ძირითადად განვითარებულია აგროდაზღვევის ორი მიმართულება: მოსავლისა და საქონლის დაზღვევა. 2009 წლიდან აგროდაზღვევაში სახელმწიფო მონაწილეობს და აფინანსებს მოსავლის დაზღვევის 40%-ს და საქონლის დაზღვევის 50%-ს. 

ავსტრიაში სადაზღვევო პრემიის 50%-ს იხდის ფერმერი, 50%-ს კი _ სახელმწიფო. ავსტრიაში დაზღვეულია მთლიანი მინდვრების 75%, ვენახების - 60%, ბოსტნეულის - 90%, ბაღჩეულის - 80% და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის  – 30%.

ყველაზე გავრცელებული სადაზღვევო პროდუქტი ევროპაში მცენარეული კულტურების დაზღვევაა. მასზე მოდის სადაზღვევო პრემიების 90%, მესაქონლეობის დაზღვევას უკავია 4%, ხოლო თითო პროცენტს შეადგენს აკვაკულტურის, მეტყევეობისა და სათბურების დაზღვევა.

აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყანაში მოქმედებს როგორც ერთი რისკის, ასევე კომბინირებული დაზღვევა. გამონაკლისია ბალტიისპირეთის ქვეყნები, სადაც ერთი რისკის დაზღვევაა გავრცელებული. მესაქონლეობის დაზღვევა ევროპაში უმთავრესად ერთი რისკის დაზღვევის სისტემით ხორციელდება და მოიცავს ძირითადად არაეპიდემიური ხასიათის დაავადებებსა და უბედურ შემთხვევებს. ეპიზოოტურ დაავადებებს უფრო იშვიათად აზღვევენ, უმეტესად სახელმწიფოს მონაწილეობით.

სოფლის მეურნეობის სადაზღვევო ბაზრის შექმნასა და შემდგომ განვითარებას ხელს უშლის დაბალი ურთიერთნდობა და რისკის კონტროლის არაეფექტური სისტემა. დაზღვევის ბაზრის შექმნა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დაზღვევის მომხმარებლები ხშირად 1 ჰა-მდე მიწის ფართობს ფლობენ, ძალიან რთული ამოცანაა. იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი უკიდურესად მცირე მეურნეობები დომინირებს, სოფლის მეურნეობის დაზღვევა ხშირად არც არსებობს მისი დაბალშემოსავლიანობის გამო.

დაზღვევის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს საფინანსო ინსტიტუტები, რადგან ისინი სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთათვის ნატურალური სასოფლო მეურნეობიდან საბაზროზე გადასვლისას ბუნებრივი შუამავლები არიან. მათ გააჩნიათ დეცენტრალიზებული ფილიალების დიდი ქსელი და სოფლის მეურნეობის ფინანსური ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციააქვთ. მათ შეუძლიათ მოითხოვონ დაზღვევა, როგორც სესხის მიღების სავალდებულო ეტაპი.

სასოფლო-სამეურნეო დაზღვევაზე მომუშავე კომპანიების ბანკებთან თანამშრომლობა მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. მაგრამ, ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბანკების ინტერესები განსხვავებულია მზღვეველთა ინტერესებისაგან. ბანკისათვის დაზღვევა კრედიტის უზრუნველყოფაა, რომლის დროსაც რისკის დიდი ნაწილი ბანკიდან სადაზღვევო კომპანიაზე გადადის. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ დასაზღვევი ობიექტების შერჩევა და რისკის კონტროლი, დანაკარგების რეგულირების ჩათვლით, დაექვემდებაროს მზღვეველის პასუხისმგებლობასა და ინიციატივას. მაგალითად, 1990-იან წლებში თურქეთში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტზე კრედიტი მიბმული იყო დაზღვევასთან, რომელიც ძირითადად ბანკების მიერ იყო ინიცირებული და სოფლის მეურნეობის კატასტროფული შედეგები გამოიწვია დაზღვევის ბაზარზე.

აგროდაზღვევა საქართველოში

საქართველოში მოქმედებს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის დაზღვევას შემდეგი რისკებისაგან: სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. პროგრამის განმახორციელებელია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, რომელიც აფორმებს ხელშეკრულებებს საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზირებულ შესაბამის სადაზღვევო კომპანიებთან. 

სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე გადასახდელი სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსების თანხა შეადგენს მაქსიმუმ 30 000 ლარს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში - 50 000 ლარს. პროგრამაში ჩადებულია ფრანშიზა - სადაზღვევო ლიმიტის 10%, რომელიც არ ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას და მისი გამოქვითვა ხორციელდება ყოველი/თითოეული სადაზღვევო შემთხვევისათვის.  

საქართველოში ყველაზე მეტი დაზღვეულია ვაზის ფართობი, ხოლო მეორე-მესამე  ადგილი უკავია მარცვლეულ და ციტრუსოვან კულტურებს. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობასა ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ არა უმეტეს 5 ჰექტარი (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 15 ჰა) ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი. სახელმწიფო სუბსიდირება 60%-მდეა. ფრანშიზა და ზარალი ითვლება რეალური მოსავლიანობიდან. დაინერგა ზარალის შეფასების საერთო მეთოდი თითოეული კულტურის შესაბამისად.

2015 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევა [ვერულავა თ., 2015] ადასტურებს, რომ ფერმერთა უმრავლესობამ იცის აგროდაზღვევის შესახებ, რასაც მათი დიდი ნაწილი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის შემოღებას უკავშირებს. როგორც ჩანს, სახელმწიფოს ამ ინიციატივამ დადებითად იმოქმედა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე აგროდაზღვევის კუთხით. აქვე აღსანიშნავია, რომ ფერმერთა მცირე ნაწილი სარგებლობს აგროდაზღვევით. ამის უმთავრესი მიზეზია ნდობის ფაქტორი. ცალკეული ფერმერები სკეპტიკურად არიან განწყობილი დაზღვევის მიმართ, რის მიზეზადაც ასახელებენ შემთხვევებს, როდესაც ზარალი არ აანაზღაურეს წინასწარ სიტყვიერად დაუთქმელი იმ პირობების გამო, რაც შემდგომ ხელშეკრულებაში იქნა ასახული და შინაარსი ფერმერისათვის არ იყო დეტალურად მიწოდებული. ფერმერების აზრით, არის შემთხვევები, როცა  ზარალის შეფასების დროს ვერ თანხმდებიან დაზიანების პროცენტზე, რის გამოც დამზღვევი (ფერმერი) უკმაყოფილო რჩება [ვერულავა თ., 2015].

ასევე, მნიშვნელოვანია დაზღვევის არახელსაყრელი პირობების თემაც. ცალკეული სადაზღვევო კომპანიები განსხვავებული პირობით ახდენენ სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებას. მაგალითად, ვაზის დაზღვევა გულისხმობს ზარალის ანაზღაურებას ვაზის ყვავილობიდან გამოსვლის შემდეგ დაზიანების შემთხვევაში. თუმცა, საქართველოს მთავრობის განკარგულებაში აგროდაზღვევის პროგრამის შესახებ, მითითებულია რომ  ვაზის დაზიანების შემთხვევაში მზღვეველის ვალდებულება ძალაში შედის „როდესაც მტევანი გაშლილი და ვიზუალურად გარჩევადია“.  აგრონომები და სპეციალისტები კი, (რომ აღარაფერი ვთქვათ ფერმერებზე) თანხმდებიან, რომ მტევანი არათუ ყვავილობის პერიოდში, არამედ მანამდეც – ოთხი–ხუთი ფოთლის გამოჩენის შემდეგ, უკვე ვიზუალურად გარჩევადია. ეს  პერიოდი არის ვაზის ვეგეტაციის პერიოდის დასაწყისიდან 2-3 კვირაში (დაახლოებით 10-12 აპრილიდან), ხოლო ყვავილობის დამთავრება ხდება დაახლოებით 5-15 ივნისის ფარგლებში. სეტყვის მოსვლის ყველაზე დიდი ალბათობაც სწორედ ამ პერიოდზე მოდის. გამოდის რომ, როცა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ყველაზე დიდი ალბათობაა, სწორედ მაშინ არის მოსავალი, ასე ვთქვათ, დაუზღვეველი.  ყვავილობამდე პერიოდში დაზიანებით გამოწვეული ზარალი  გაცილებით დიდია, ვიდრე მის მერე (ვერულავა თ., 2015). 

მეცხვარეებს არ აქვთ საშუალება, დააზღვიონ ცხვარი სხვადასხვა სტიქიური უბედურებისგან, რომელიც მომთაბარეობის პირობებში (მთაში ხშირი სეტყვა, ქარიშხალი, ზვავსაშიშროება და სხვ.) მათ დიდ სირთულეს უქმნის. სადაზღვევო კომპანიები კი არ სთავაზობენ  მათ სასურველი რისკებისაგან დაზღვევას [ვერულავა თ., 2015].

კვლევის მიხედვით [ვერულავა თ., 2015], ფერმერების უმრავლესობა (80%), რომლებსაც უსარგებლიათ დაზღვევით, კმაყოფილები არიან აგროდაზღვევით. ფერმერთა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილების მიზეზია დაზღვევისადმი უნდობლობა და  დაზღვევის არახელსაყრელი პირობები. არის შემთხვევები, როდესაც სეტყვით მიყენებული ზარალი ფერმერს არ აუნაზღაურეს იმ მიზეზით, რომ მისი ყურძენი ჯერ არ იყო ყვავილობიდან გამოსული. ზოგჯერ სადაზღვევო კომპანიები ზარალს აფასებენ 19 დღის დაგვიანებით. ამ შემთხვევაში სადაზღვევო ხელშეკრულების პირობები არ ითვალისწინებს კონკრეტულ ვადას ზარალის შეფასებასთან დაკავშირებით. აგროდაზღვევით კმაყოფილთა  დიდი რაოდენობა, სავარაუდოდ, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მათი ნაწილი მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამაში [ვერულავა თ., 2015]. 

დასკვნა

ფერმერთა აგროდაზღვევის უკმაყოფილების მთავარ მიზეზს წარმოადგენს დაზღვევისადმი უნდობლობა. სადაზღვევო კომპანიები სხვადასხვა სადაზღვევო პირობებს სთავაზობენ, რაც ხშირ შემთხვევაში გაურკვევლობას იწვევს ფერმერებს შორის. ამ მხრივ, ქვეყანაში აგროდაზღვევის განვითარებისათვის აუცილებელია აგროდაზღვევის შესახებ ცოდნის გავრცელება, ფერმერების ინფორმირებულობის ამაღლება, დაზღვევის სისტემისადმი ნდობის ამაღლება. ფერმერებს უნდა მიეწოდოს სათანადო, ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა კომპანიების მიერ შემოთავაზებული სადაზღვევო პირობების შესახებ. იგი ხელს შეუწყობს სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციის ამაღლებას, რაც დადებითად იმოქმედებს დამზღვევის მიერ მისთვის სასურველი სადაზღვევო კომპანიის თავისუფალი არჩევის უფლებაზე. ასევე, მიზანშეწონილია, სადაზღვევო კომპანიებსა და დამზღვევებს შორის არსებული სადავო საკითხების, საჩივრების შემთხვევაში დამოუკიდებელი ორგანოს, მედიაციის სამსახურის ამოქმედება, რომელიც შეძლებს დაიცვას დამზღვევთა უფლებები. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. ვერულავა თ., ობგაიძე ნ., 2015. აგროდაზღვევის პრობლემები საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა. № 2.

2. ვერულავა თ. 2017. სადაზღვევო საქმის საფუძვლები. ჯანდაცვისა და დაზღვევის ცენტრი. თბილისი, 2017.

3. თვალჭრელიძე ა., სილაგაძე ა., ქეშელაშვილი გ., გეგია დ., 2011. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა.

4. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. სოფლის მეურნეობა  2013.

5. შატბერაშვილი ე., ალასანია ბ., 2011. სასოფლო-სამეურნეო დაზღვევა და კრედიტები. ბიომეურნე.

6. ჩარკვიანი ვ., ჭინჭარაული თ., შატბერაშვილი ე., 2010. სასოფლო-სამეურნეო კრედიტებისა და დაზღვევის კვლევის შედეგები.